English / ქართული / русский /
მურად მიქელაძეილიას ჩილოღლუ
ეკონომიკური განვითარების აქტუალური პრობლემები გლობალიზაციის პირობებში

ანოტაცია

ოცემულ ნაშრომში წარმოდგენილია დღეს არსებული აქტუალური საკითხები გლობალიზაციის პირობებში არსებული ფაქტებისა და მონაცემების საფუძველზე. გლობალიზაცია საერთაშორისო ეკონომიკაში წარმოადგენს პოზიტიურ მოვლენას, თუმცა ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნეგატიურადაც, მაგალითად ოფშორული ზონების არსებობა, რომელსაც ხშირად ქვეყნისათვის არასწორი მიზნებისათვის იყენებენ. ასევე გლობალიზაციის შედეგად გაიზარდა ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება, რამაც საფუძველი დაუდო ეკონომიკას, როგორც პოლიტიკური ბერკეტის გამოყენებას. დღევანდელი ტენდენცია გვიჩვენებს, რომ ქვეყანა, რომელიც აგრესიულ პოლიტიკას გაატარებს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, პასუხს აგებს ეკონომიკურად.

საკვანძო სიტყვები: ოფშორული ზონების არსებობა, ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება.

შესავალი

მსოფლიოში განვითარებული ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გამოწვევებიდან გამომდინარე, დღეს უფრო და უფრო აქტუალური ხდება გლობალიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესწავლა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას გლობალიზაციის პროცესში წარმოადგენს ეკონომიკური გლობალიზაცია. როდესაც ვსაუბრობთ მსოფლიო ეკონომიკურ საკითხებზე, ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ მსოფლიო პოლიტიკურ საკითხებზეც, ვინაიდან პოლიტიკა და ეკონომიკა წარმოადგენ, როგორც ურთიერთგანმსაზღვრელ ფაქტორებს, აგრეთვე ურთიერთშემავსებელ მოვლენებს. ყველა მაკროეკონომიკური ხასიათის გადაწყვეტილება მიიღება ქვეყნების მთავრობების მიერ, რომელიც პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ ნებასთან. ,,მთავრობის პოპულარობის გაზრდა ან შემცირება დამოკიდებულია მათ  ეკონომიკურ მიღწევებზე“[1]. გლობალიზაციის შედეგია ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება, რაც, ერთი მხრივ, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი ქვეყნის მიმართ, მეორე ქვეყნის, ან გარკვეული ქვეყნების ჯგუფის მიერ პოლიტიკური ზეწოლისათვის. მაგალითად, ცნობილი დასავლეთის ეკონომიკური სანქციები რუსეთის მიმართ ან აშშ-ის სანქციები ირანის მიმართ. ასევე გლობალიზაციის შედეგია კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა, რომელიც კარგი საშუალებაა ქვეყნების განვითარებისათვის, ინოვაციური ცოდნის მისაღებად, კაპიტალის დივერსიფიკაციისათვის, წარმოების სხვა ქვეყანაში გადატანის შედეგად დაბალი დანახარჯებით პროდუქციის წარმოებისათვის (ძირითადად იაფი მუშახელისა და გამართული ინფრასტრუქტურის შედეგად) და ა.შ. თუმცა არის, მაგალითად, ისეთი პრობლემა, როგორიცაა  ე.წ ოფშორული ზონები, რომელიც ხშირად გამოიყენება გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, რაც ხელს უშლის ეკონომიკურ განვითარებას.

 ოფშორული ზონების გავლენა თანამედროვე ეკონომიკაში

,,ტერმინი „ოფშორი“ პირველად XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს აშშ-ში გამოიყენეს. ეს, უპირველესად, აიხსნება ადამიანების მიერ გადასახადების თავიდან აცილების სურვილით, აგრეთვე, საერთაშორისო ვაჭრობის აქტივიზაციისა და ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მიზიდვის მცდელობით, რომელიც სხვადასხვა სახის შეღავათების დაწესებას ეფუძნებოდა“[2].

ე.წ ,,პანამის დოკუმენტი”-ს საქმე, რომელიც ჟურნალისტიკის ისტორიაში ერთ-ერთი  მასშტაბური საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროების შემთხვევაა, ნათლად წარმოაჩენს ოფშორული ზონების ნეგატიურ მხარეს. საქმე ეხება იურდიულ ფირმა მოსაკ ფონსეკას (Mossack Fonseca) 11 მილიონზე მეტ საბუთს, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსების და გავლენიანი ადამიანების გადასახადებისაგან თავის არიდების შემთხვევები[3]. თვალსაჩინეობისათვის გრაფიკ 1-ზე წარმოდგენილია იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც აღმოჩნდნენ პანამის დოკუმენტში. გრაფიკზე წარმოდგენილია დაახლოებით 200 ათასზე მეტი კომპანია, რომლებიც თავს აფარებენ ე.წ ,,საგადასახადო სამოთხეს”. აღნიშნულ დოკუმენტში მოცემულია ინფორმაცია მსოფლიოს 143 პოლიტიკოსის შესახებ, რომლებიც ცდილობენ ოფშორული საგადასახადო რეჟიმის გამოყენებას. მაგალითად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და სხვა მრავალი პოლიტიკური ლიდერი[4]. გლობალიზაციამ ე.წ. საზღვრების გახსნილობით მოგვცა სწორედ ოფშორული ზონები, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში  ხელს უშლის  მთლიანი ეროვნული პროდუქტის (მეპ) რეალური დონის განსაზღვრას. ანუ ის პოლიტიკოსები თუ ბიზნესმენები, რომლებიც გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, ოფშორულ ზონებს აფარებენ თავს, ბუნებრივია, მათი რეალური შემოსავლები არ აღირიცხება იმ ქვეყნების მეპ-ში, რომლის რეზიდენტებიც არიან. ,,თუ გლობალური ეკონომიკის რაიმე ნაწილი გაურბის სახელმწიფო კონტროლს, მაშინ ეს არის ოფშორული ფინანსები“.[5] ავი იონაჰის სიტყვებიც ნათლად წარმოაჩენს აღნიშნულ პრობლემას. გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით განხორციელებული ეკონომიკური ტრანზაქციები დიდი ალბათობით გადადის კორუფციაში, კორუფცია კი თავის მხრივ ხელს უშლის ეკონომიკურ განვითარებას. მიუხედვად ზემოთ აღნიშნული ოფშორული ზონების უარყოფითი მხარეებისა, ასევე არსებობს დადებითი მხარეებიც. ,,საგადასახადო სამოთხეები“ გლობალურ ეკონომიკაში ქმნის ე.წ ,,საგადასახადო კონკურენციას“ (Tax competition). პეტტინგერის აზრით, საგადასახადო კონკურენცია ბოლო წლებში მნიშვნელოვანი გახდა, რადგან მულტინაციონალურ კომპანიებს მარტივად შეუძლიათ იპოვონ ისეთი ადგილები, სადაც დაბალი გადასახადებია. ეს კი, თავის მხრივ, ქვეყნებს აძლევს მოტივაციას, შეამცირონ გადასახადების განაკვეთები, რადგან ეს ხელს შეუწყობს უცხოური კაპიტალის შემოდინებას, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას და დამატებით საგადასახადო შემოსავლებს[6]. აღნიშნული პროცესი პოზიტიურ გავლენას ახდენს ეროვნულ ეკონომიკაზე, რადგან რაც უფრო დაბალია გადასახადები, მით უფრო მცირეა მთავრობის ზომა ეკონომიკაში და შესაბამისად ქვეყანაში დაგროვებულ სიმდიდრეს საზოგადოება უფრო ეფექტურად განკარგავს.

საქართველო, როგორც განვითარებადი ქვეყანა, იმყოფება გარდამავალ პერიოდში და, ბუნებრივია, ამ პროცესში უამრავი გამოწვევა არსებობს. ერთ-ერთი გამოწვევა არის სწორედ ოფშორინგთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც ბევრ კითხვას ბადებს საზოგადოებაში. აღსანიშნავია საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პუი) ოფშორული ქვყნებიდან, რომლის მოცულობაც საკმაოდ მაღალია.

გრაფიკ 2-ზე წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, აღნიშნული ტიპის პუი 2005 წლიდან 2016 წლამდე საშუალოდ შეადგენს მთლიანი პუის 10%-ს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პუი საქართველოს ეკონომიკისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამას მოწმობს თუნდაც, 2007 წლის მონაცემები, როდესაც პუი 2 მლრდ დოლარზე მეტი იყო და  ეკონომიკურმა ზრდამ ორნიშნა დონეს მიაღწია. ასევე, საყურადღებოა 2015 წელი, როდესაც იგი 11%-ით შემცირდა 2014 წელთან შედარებით და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი დაეცა (ბუნებრივია, ლარის გაუფასურებაში სხვა ფაქტორებიც მოქმედებდა).



საქართველოში შემოსული პუი-ს მოცულობა ოფშორული ქვეყნებიდან არის საკმაოდ დიდი და ვინ დგას ამ ინვესტიციების უკან უცნობია. 2005 წლიდან 2016 წლამდე ოფშორული ქვეყნებიდან განხორციელებული წმინდა პუი (შემოსულს მინუს უკან გატანილი) შეადგენს 1.4 მლრდ დოლარს. საქართველოს ამ ეტაპზე არ აქვს არანაირი ბერკეტი, შეზღუდოს ოფშორულ ზონებში განხორციელებული გარიგებები სტრატეგიულ ობიექტებზე, რომელიც, შესაძლოა, მომავალში გამოყენებულ იქნეს ბოლიტიკური მიზნებისთვის, რომელიც პირდაპირ აისახება საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის მიხედვით, ,,ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების გავლით რუსეთის მოქალაქეები მნიშვნელოვან კაპიტალს ფლობენ საქართველოში და აკონტროლებენ ქვეყნის რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტს“. [7] მაგალითად შპს „მტკვარი ენერგეტიკა“, „ხრამჰესი 1“- და „ხრამჰესი 2“. ასევე ცნობილია ,,პეტროკას ენერჯი ლიმიტედი“-ს ფაქტი, რომელიც საქართველოში მოქმედი  ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, შეიძინა რუსულმა კომპანია ,,როსნეფტ“- მა[8]. როსნეფტის 50%-იანი წილის (საკონტროლო პაკეტის) მფლობელი ,,როსნეფტგაზი“-ია, რომელის 100%-იანი მესაკუთრე რუსეთის სახელმწიფოა[9]. ცნობილია რუსეთის ე.წ ,,ენერგოპოლიტიკის შანტაჟი“, რომელსაც იყენებს პოლიტიკურ ბერკეტად საერთაშორისო ურთიერთობებში კონკრეტული რეგიონებისა თუ ქვეყნების მიმართ. აქედან გამომდინარე, აღნიშნული გარიგება საქართველოსათვის შეიძლება  საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს რუსეთის მხრიდან, მგრამ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ გლობალიზაციის მემკვიდრე ოფშორულ ზონაში მოხდა ეს გარიგება და საქართველოს ხელისუფლებას არანაირი ბერკეტი არ აღმოაჩნდა ამის აღსაკვეთად. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ,,ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია, რომ "როსნეფტთან" დაკავშირებული ტრანზაქციები ჩავშალოთ“[10].

ეკონომიკა, როგორც პოლიტიკური ბერკეტი

,,ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ უამრავი ისტორიული მოვლენა - ეს იქნება ომები, ზავები, შეთქმულებები, კოალიციების წარმოშობა თუ სხვა და მათი კარგად შესწავლის შემდეგ დავინახავთ, რომ ნებისმიერი მათგანის უკან იყო ეკონომიკური დაინტერესება ან, პირიქით, გარკვეული ეკონომიკური მოვლენები პოლიტიკური ქმედებების გამოხმაურება იყო ან კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მიღწევას ემსახურებოდა“[11]. იშვიათია დღეს მსოფლიოში მოიძებნოს ისეთი ქვეყანა, რომელიც არ არის ჩართული საერთაშორისო ვაჭრობაში. პრაქტიკულად შეუძლებელია ერთმა ცალკე აღებულმა ქვეყანამ აწარმოოს ყველაფერი მოსახლების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. გრაფიკ 3-ზე წარმოდგენილი მონაცემებიც ადასტურებს მსოფლიოს ურთიერთდამოკიდებულებას. 2005 წლიდან 2016 წლამდე მსოფლიო საშუალო ექსპორტი შეადგენს $15,5 ტრილიონს, რომელიც საშუალოდ არის მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის 23%. ხოლო მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2015 წელს მსოფლიო პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა $2,1 ტრილიონი.

ასევე უნდა აღინიშნოს ტრანსკორპორაციული კომპანიების (ტნკ) როლი საერთაშორისო ურთიერთობებში. ტნკ-ს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ძირითადად ნაკლებად ინდუსტრიულ ქვეყნებში, რაც გამოიხატება ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელი მაღალი თანამდებობებისა თუ პოლიტიკური პარტიების მოსყიდვაში[12]. ცხადია, როდესაც თამაშის წესები სამართლებრივ გზებს სცდება და გადადის მოსყიდვა-ლობიზმში, მაშინ ეროვნული ეკონომიკის განვითარება კითხვითი ნიშნის ქვეშ არის. უფრო მეტიც, შეიძლება მსგავსი გარიგებები საფრთხეს უქმნიდეს არა მარტო ეკონომიკის განვითარებას, არამედ ზოგადად ეროვნულ უსაფრთხოებასაც. ტნკ პირდაპირ და ირიბად მონაწილეობენ მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში, და შეიძლება ითქვას, რომ ძირითად ძალას წარმოადგენენ[13]. მიუხედავად იმისა, რომ მულტინაციონალური კორპორაციები გლობალურ ბაზარზე არიან წარმოდგენილები, მაინც ნებისმიერი კომპანია თავის ვიწროკორპორაციული ხედვებიდან გამოდის, რაც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს იმ ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკასთან რომელშიც ის არის წარმოდგენილი. ამასთან, ტრანსნაციონალური კორპორაციები წარმოადგენენ ქვეყნების სწრაფი განვითარების, მათი ეკონომიკების მოდერნიზაციის გენერატორს.

ყველა ქვეყანას აქვს თავისი ეროვნული პოლიტიკა, მიუხედავად  იმისა, აღნიშნული პოლიტიკა სწორია თუ არასწორი საერთაშორისო საზოგადოებისათვის. ხშირად გვესმის ,,ეკონომიკური სანქციები“, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა იყენებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიტიკურ დანაშაულს ჩადიან საერთაშორისო ურთიერთობებში. ამისი ნათელი მაგალითია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია (რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ არ აღიარა) და აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში (დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები) საომარი მოქმედებები. ამ ყველაფერს  დასავლეთის მხრიდან ეკონომიკური სანქციები მოჰყვა რუსეთის მიმართ. გრაფიკ 4-ზე წარმოდგენილია რუსეთის ფედერაციის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები სანქციების გათვალისწინებით:

  • რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) – 2013 წლის ბოლოს რუსეთის ხელისუფლება 3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა 2014 წლისათვის. თუმცა აღნიშნული პროგნოზი ჩამოვიდა 0,7%-მდე. რელურად რუსეთის ეკონომიკამ დაკარგა დაახლოებით 50 ლრდ აშშ დოლარი. განსაკუთრებით მძიმე იყო რუსეთისათვის 2015 წელი, როდესაც  მშპ-ის ზრდა გადავიდა მინუსში  და შეადგინა -2,8%. ასეთი ეკონომიკური ვარდნა რუსეთს 2008 წლის ფინანსური კრიზისის გარდა არ ჰქონია მიმდინარე საუკუნეში.
  • ინფლაცია - ინფლაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური პარამეტრი, რომლიც მყისიერად აისახება საზოგადოებაზე, რადგან უძვირდებათ პროდუქციის მოხმარება. 2014 წელს საშუალო წლიური ინფლაცია გაიზარდა 2%-ით და შეადგინა 7,8%. ინფლაციის შესაჩერებლად რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გაზარდა საპროცენტო განაკვეთი 8%-მდე. საპროცენტო განაკვეთის ზრდა აძვირებს კაპიტალს, რომელიც, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ საპროცენტო განაკვეთი 14%-მდეც გაიზარდა,  2015 წელს ინფლაციამ მიაღწია 15,5%-ს.
  • ოფიციალური გაცვლითი კურსი RUB/USD - სტაბილური ვალუტა არის ქვეყნის საინვესტიციო გარემოს  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. სანქციებისა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დაცემის შედეგად რუსული რუბლის საშუალო წლიური გაცვლითი კურსი 100%-ზე მეტად გაუფასურდა 2016 წელს 2013 წელთან შედარებით.
  • წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - ,,ევროკავშირის ახალი სანქციები შეეხო 22 რუსულ კომპანიას და 24 რუს სახელმწიფო მოხელეს. ახალ სანქციებში მოჰყვნენ ისეთი დიდი კომპანიები, როგორიცაა: “როსნეფტი”, “გაზპრომ ნეფტი”, “ტრანსნეფტი”, “კალაშნიკოვი” და სხვა. კომპანიებს აეკრძალათ დასავლეთის ბაზრებიდან კაპიტალის მოზიდვა და შეეზღუდათ ტექნოლოგიებზე წვდომა“[14]. ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა რუსეთის ეკონომიკისათვის სანქციების შედეგად, იყო სწორედ უცხოურ კაპიტალთან წვდომის შეზღუდვა და, საერთო ჯამში, 2015 წელს წმინდა პირდაპირმა  უცხოურმა  ინცესტიციებმა შეადგინა $6,5 მლრდ, რაც 550%-ით ნაკლებია 2013 წელთან შედარებით. ასეთი დიდი შემცირება გამოიწვია კაპიტალის გადინებამ.

შეიძლება ასევე გავიხსენოთ ირანის წინააღმდეგ 2005 წელს დაწყებული სანქციები დასავლეთის მხრიდან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. აღნიშნული სანქციები შეეხო არა მარტო ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას, არამედ ფინანსურ სექტორსაც. აშშ-ის ტერიტორიაზე ყველა ირანული სახელმწიფო აქტივი, მათ შორის ირანის ცენტრალური ბანკის აქტივები დაიბლოკა.

რუსეთის მიერ გატარებული პოლიტიკა უკრაინის მიმართ დასაგმობია და ასევე ირანის ბირთვული პროგრამაც საფრთხის შემცველია საერთაშორისო საზოგადოებისათვის, ამიტომ მის მიმართ გატარებული სანქციები იყო ის აუცილებელი ბერკეტი, რომელიც შეაჩერებდა რუსეთის აგრესიას და ირანის ატომურ მილიტარიზმს. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის, როგორც პოლიტიკური ბერკეტის გამოყენებას საერთაშორისო არენაზე აქვს თავისი დადებითი შედეგიც. დასავლეთმა რუსეთი დასაჯა არა ცეცხლის გახსნით, არამედ ეკონომიკურად. ამიტომ, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკა დგას საფრთხის წინაში აგრესიული საერთაშორისო პილიტიკის გატარების შემთხვევაში.

 დასკვნა

გლობალიზაცია წარმოადგენს პოზიტიურ მოვლენას გლობალურ ეკონომიკურ ჭრილში, რადგან ხდება ქვეყნების ურთიერთინტეგრაცია სავაჭრო და საინვესტიციო კუთხით, რომელიც საბოლოოდ გადადის სოციალურ და პოლიტიკურ ინტეგრაციაში. რაც უფრო ღრმაა ინტეგრაციის ხარისხი ქვეყნებს შორის, მით უფრო იზრდება უერთიერთდამოკიდებულება და საბოლოოდ იგი აისახება მშვიდობიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. აღნიშნულმა ნაშრომმა გვიჩვენა, რომ  ოფშორული ზონები ერთი მხრივ წარმოადგენს პოზიტიურ მოვლენას საერთაშრისო ეკონომიკაში, თუმცა ხშირად იგი გამოიყენება გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ეკონომიკურ გარიგებებში, რაც უარყოფითად შეიძლება აისახოს ქვეყანაზე. აგრეთვე ირანისა და რუსეთის მაგალითები წარმოაჩენს დღევანდელ ტენდენციას საერთაშორისო ურთიერთობებში, თუ როგორ გამოიყენება ეკონომიკა პოლიტიკურ ბერკეტად. რუსეთის შემთხვევაში ამას ჰქონდა დადებითი ეფექტი, თუმცა იმავე რუსეთის მიერ ე.წ ,,ენერგოშანტაჟის პოლიტიკას“ ევროპის მიმართ აქვს უარყოფითი შედეგი.



[1]Hans F. Sennholz: „Economics and Politics“, safehaven, მოპოვებულია 04 სექტემბერი, 2005,  http://www.safehaven.com/article/3722/economics-and-politics

[2] საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის განმარტება

[3]The International Consortium of Investigative Journalists (ICIJ)

[4]L. Harding: “What are the Panama Papers? A guide to history's biggest data leak”, The Guardian, მოპოვებულია 05 აპრილი, 2016,  https://www.theguardian.com/news/2016/apr/03/what-you-need-to-know-about-the-panama-papers

[5]  Avi Yonah: Reuven S. 2000. “Globalization, Tax Competition and the Fiscal Crisis of the Welfare State.” Harvard Law Review 113:1575-1676

[6] T. Pettinger: “Tax competition”, ECONOMICS HELP, მოპოვებულია 24 სექტემბერი, 2013, http://www.economicshelp.org/blog/glossary/tax-competition/

[7] IDFI: ‘’ოფშორული კომპანიები საქართველოში - რისკები და რეკომენდაციები“, 2016, გვ. 5.

[8] РОСНЕФТЬ, Пресс-релизы: “«Роснефть» и Petrocas создают совместное предприятие в области логистики и розничных продаж”, Rosneft, 29 დეკემბერი, 2014, https://www.rosneft.ru/press/releases/item/173899/

[9] РОСНЕФТЬ: “ Структура акционерного капитала“, Rosneft, 01 აპრილი, 2017, https://www.rosneft.ru/Investors/structure/share_capital/

[11] ჟვანია ნ. (2006). საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია. თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (CSS), გვ.4

[12] Jed Greer and Kavaljit Singh: “A Brief History of Transnational Corporations“, globalpolicy, მოპოვებულია 2000, https://www.globalpolicy.org/empire/47068-a-brief-history-of-transnational-corporations.html

[13] მაია ბლიაძე: ,,ტრანსნაციონალური კომპანიები და გლობალიზაცია“, mastsavlebeli (ინტერნეთგაზეთი), მოპოვებულია 27 ოქტომბერი, 2015, http://mastsavlebeli.ge/?p=1331

[14] ბესო ნამჩვაძე: „დასავლეთის სანქციების გავლენა რუსეთზე“, Forbes Georgia, 15 ოქტომბერი, 2014,  http://forbes.ge/news/423/dasavleTis-sanqciebis-gavlena-ruseTze